ლა-ლაგუნის უნივერსიტეტის კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა ალეხანდრო სუარეს მასკარენიომ და მისმა ხელმძღვანელმა რაფაელ რებოლომ „სუპერდედამიწის“ ტიპის პლანეტა GJ 536 b აღმოაჩინეს. პლანეტა ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 33 სინათლის წლის მოშორებით და მისი მასა დაახლოებით 5,4 დედამიწის მასის ტოლია. კვლევა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები არიან ჩართულნი, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება.

ვარსკვლავ GJ 536-ის გარშემო მოძრავი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში არ მდებარეობს, თუმცა, მისი მოკლე ორბიტული პერიოდისა (8,7 დღე) და დედა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ნათების გათვალისწინებით, პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა ნამდვილად მიმზიდველია საკვლევად; ვარსკვლავი საკმაოდ ცივია, რითაც ახლოსაა ჩვენს მზესთან. კვლევის დროს, დაფიქსირდა მაგნიტური ველის ციკლის მზის მსგავსი აქტივობა, თუმცა მოკლე, სამწლიან პერიოდში.

„სხვათა შორის, ეს პირველი პლანეტაა, რომელიც ამ ვარსკვლავთან ვიპოვეთ, თუმცა კვლევას ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, ჰყავს თუ არა მას კომპანიონი პლანეტებიც. ამ ჯგუფისათვის, ძირითადად კლდოვანი პლანეტებია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ამ ტიპის ვარსკვლავების ირგვლივ. თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარსკვლავისგან ცოტა უფრო მოშორებით, მომდევნო 100 დღიდან რამდენიმე წლიან პერიოდში, კიდევ ვიპოვით სხვა, დაბალი მასის მქონე პლანეტებს. ამჟამად, სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ, რათა ამ ახალ ეგზოპლანეტათა ტრანზიტს დავაკვირდეთ და განვსაზღვროთ მათი რადიუსი და სიმჭიდროვე“, — ამბობს პუბლიკაციის ავტორი ალეხანდრო სუარეს მასკარენიო. 

„ეს კლოდვანი ეგზოპლანეტა მზეზე უფრო პატარა და ცივი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თუმცა, ვარსკვლავი საკმაოდ კაშკაშაა. გარდა ამისა, კარგად დაკვირვებადია ამ ვარსკვლავის როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთ ნახევარსფერო, რაც ძალიან წაგვადგება სამომავლო მაღალსტაბილური სპექტროგრაფიული კვლევებისთვის, განსაკუთრებით კი სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა კლდოვანი პლანეტების გამოვლენაში“. 

პლანეტა ერთობლივი ძალებით აღმოაჩინეს კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტმა და ჟენევის ობსერვატორიამ, რისთვისაც გამოიყენეს რამდენიმე ტელესკოპი, მათ შორის ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებული მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მაძიებელი (HARPS), HARPS North-ი და კანარის კუნძულებზე მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის გალილეოს ეროვნული ტელესკოპი.

 

წყარო: Cსტუდია

 

 

საზღვაო არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე მოულოდნელად აღმოაჩინეს 41 ჩაძირული გემი. უნიკალური აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მკვლევართა ჯგუფი ახალი, დისტანციურად მართვადი ხელსაწყოების საშუალებით ბულგარეთის სანაპიროების ფსკერის სკანირებას ახდენდა. მათი მიზანი იყო შეესწავლათ როგორ აიწია ამ რეგიონში წყლის დონემ საკმაოდ სწრაფად ბოლო გამყინვარების შემდეგ. „გემები სრულიად მოულოდნელი, მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩენაა, რაც ვრცელი გეოფიზიკური კვლევის დროს მოხდა. შავი ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრს ქვემოთ არსებული ჰიპოქსიური გარემოს წყალობით (ჟანგბადის ნაკლებობა),  ისინი საოცრად კარგადაა შემონახული“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ჯონ ადამსი. ორი ახალი წყალქვეშა მავალის წყალობით, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ჩაძირული გემები საოცრად დეტალურად გადაეღო. ეს ხელსაწყოები ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ მონაცემებს იწერენ და კვლევით გემს გადასცემენ, რომელთანაც არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთი მავალი აღჭურვილი მაღალი რეზოლუციის კამერით, რამაც ჯგუფს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ 3D ფოტოები. 

აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა მავალებმა 1800 მეტრის სიღრმიდან სულ  1 250 კმ ტერიტორია დაფარეს.

არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ ახლად აღმოჩენილი ჩაძირული გემები დაეხმარება მათ ნათელი მოჰფინონ თუ როგორ იყენებდნენ უძველესი კულტურები ზღვას. როგორც ჯგუფმა დაადგინა, გემების ნაწილი ოსმალეთის იმპერიას მიეკუთვნება, ნაწილი კი ბიზანტიას.

შემდეგი ნაბიჯი გემების დეტალური შესწავლა იქნება. ჯერჯერობით უცნობია რა იმალება თავად ხომალდებს შიგნით.

ჩაძირული გემების აღმოჩენა ჯგუფის ძირითადი მიზანი არ ყოფილა — მათი პროექტი ფოკუსირებულია დედამიწის ისტორიის მანძილზე ზღვის დონის ცვლილების შესწავლაზე.   

 

წყარო: 1tv.ge