ასტრონომებმა სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერება

ლა-ლაგუნის უნივერსიტეტის კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა ალეხანდრო სუარეს მასკარენიომ და მისმა ხელმძღვანელმა რაფაელ რებოლომ „სუპერდედამიწის“ ტიპის პლანეტა GJ 536 b აღმოაჩინეს. პლანეტა ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 33 სინათლის წლის მოშორებით და მისი მასა დაახლოებით 5,4 დედამიწის მასის ტოლია. კვლევა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები არიან ჩართულნი, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება.

ვარსკვლავ GJ 536-ის გარშემო მოძრავი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში არ მდებარეობს, თუმცა, მისი მოკლე ორბიტული პერიოდისა (8,7 დღე) და დედა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ნათების გათვალისწინებით, პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა ნამდვილად მიმზიდველია საკვლევად; ვარსკვლავი საკმაოდ ცივია, რითაც ახლოსაა ჩვენს მზესთან. კვლევის დროს, დაფიქსირდა მაგნიტური ველის ციკლის მზის მსგავსი აქტივობა, თუმცა მოკლე, სამწლიან პერიოდში.

„სხვათა შორის, ეს პირველი პლანეტაა, რომელიც ამ ვარსკვლავთან ვიპოვეთ, თუმცა კვლევას ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, ჰყავს თუ არა მას კომპანიონი პლანეტებიც. ამ ჯგუფისათვის, ძირითადად კლდოვანი პლანეტებია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ამ ტიპის ვარსკვლავების ირგვლივ. თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარსკვლავისგან ცოტა უფრო მოშორებით, მომდევნო 100 დღიდან რამდენიმე წლიან პერიოდში, კიდევ ვიპოვით სხვა, დაბალი მასის მქონე პლანეტებს. ამჟამად, სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ, რათა ამ ახალ ეგზოპლანეტათა ტრანზიტს დავაკვირდეთ და განვსაზღვროთ მათი რადიუსი და სიმჭიდროვე“, — ამბობს პუბლიკაციის ავტორი ალეხანდრო სუარეს მასკარენიო. 

„ეს კლოდვანი ეგზოპლანეტა მზეზე უფრო პატარა და ცივი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თუმცა, ვარსკვლავი საკმაოდ კაშკაშაა. გარდა ამისა, კარგად დაკვირვებადია ამ ვარსკვლავის როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთ ნახევარსფერო, რაც ძალიან წაგვადგება სამომავლო მაღალსტაბილური სპექტროგრაფიული კვლევებისთვის, განსაკუთრებით კი სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა კლდოვანი პლანეტების გამოვლენაში“. 

პლანეტა ერთობლივი ძალებით აღმოაჩინეს კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტმა და ჟენევის ობსერვატორიამ, რისთვისაც გამოიყენეს რამდენიმე ტელესკოპი, მათ შორის ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებული მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მაძიებელი (HARPS), HARPS North-ი და კანარის კუნძულებზე მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის გალილეოს ეროვნული ტელესკოპი.

 

წყარო: Cსტუდია