გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატატებს სიტყვით მიმართა.

„არჩევნები შედგა. შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიურლი სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება.

"პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საპარლამეტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა

 

წყარო: 2030news