წითელი ხალიჩა  კურსდამთავრებულებისათვის

ქუთაისი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით 23 ივნისს, პირველად ფაკულტეტის ისტორიაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც თავისი მასშტაბურობით  გახლდათ გამორჩეული.

საღამო ორ მიმართულებას ისახავდა მიზნად:

1.     ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულებმა. შესაბამისად, ღონისძიება მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 350 სტუდენტი. მათ შორის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებიც.

2.     საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობების პირველი კურსდამთავრებულები.

სტუდენტებისათვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიკერა 250 მანტია. ჩატარდა საკმაოდ რთული სამუშაოები ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის. საზეიმოდ მორთულ ეზოში საღამოს 6 საათზე, მობრძანებული სტუმრების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში წითელ ხალიჩაზე უწყვეტ ნაკადად შემოაბიჯა კურსდამთავრებულთა ულამაზესმა ნაკადმა. უნივერსიტეტის ლოგოს ფერებში შეკერილი მანტიებით შემოსილ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

„ღონისძიების მიზანი იყო ფაკულტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება, 1997 წლის კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე იმყოფებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რეგალიები იძლევა შანს წლევანდელი კურსდამთავრებულების დასაქმებას შეუწყონ ხელი.

ამასთან, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 2.2. სტანდარტი პირდაპირ ასოცირდება აღნიშნული ტიპის ღონისძიებების მოწყობასთან, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამების საჯარო განხილვა დამსაქმებლებთან ერთად, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ა.შ.“